სამართალი
გიორგი კალანდარიშვილი: კელი დეგნანის განცხადება ინტერპრეტაციების საფუძველი გახდა

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. სრულად ვიზიარებთ, რომ ამომრჩეველთა ინფორმირება, განათლება, ცნობიერების ამაღლება სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის და ამის დასტურია ცესკოს-ს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა აქტივობა, რომელსაც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და განახორციელებს სამომავლოდ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე 15 000-ზე მეტი მოხალისეა გადამზადებული საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს შეიძენს დარჩენილ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. პროცესს ზურგს უმაგრებს ცესკო-მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული შვიდი საპილოტე პროექტი და ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მივიღეთ. ამასთანავე, საკანონმდელო მოცემულობა, რომელიც აზღვევს მთელ რიგ საკითხებს და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, როგორიც არის გადათვლები, ქაღალდის კვალი ყველა პროცესთან მიმართებით. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზაობას აცხადებს, ამ მიმართულებით ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჰქონდეს წამყვანი როლი ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის გახლავთ ცენტრალური უწყება, ვინაიდან მას აქვს როგორც ინტელექტუალური გამოცდილება ამ მიმართულებით, ასევე ის ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სწავლებები. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მივესალმებით ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელიც უწყებას ამ მიმართულებით ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც არჩევნებზეც არის საუბარი.

ამავდროულად, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ელჩის განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი და საფუძველი გახდა.

მინდა, მოვუწოდო ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ საარჩევნო პროცესს და ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ჩართულობითა და მონაწილეობით უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული დონის არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა: ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“. დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90 პროცენტი ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადადის, ამომრჩეველმა იცოდეს, ეს როგორ მუშაობს. აშშ-შიც ვნახეთ, ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილი ამ სისტემის გამოყენებაზე და თუ ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.