აქტუალური
ინალ არძინბა: თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ბელარუსის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ოჩამჩირის რეგიონში საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩვენ ვავითარებთ კარგ დიალოგს ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის", - განაცხადა არძინბამ.

მანვე აღნიშნა, რომ ბელარუსის მხრიდან აღიარება გააძლიერებს აფხაზეთის იმიჯს და მის სუბიექტურობას. არძინბა დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანია არ გამოტოვონ საერთაშორისო რუკის გაფართოების შანსი.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში შედგა ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერის რესპუბლიკაში ვიზიტზე დიდი იმედებს ამყარებს.

ბჟანია საპასუხო ვიზიტით ბელარუსს 2023 წლის თებერვალში ეწვია.