საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საზღვარზე ვითარება შედარებით მშვიდი და სტაბილურია, თუმცა არის საგანგაშო სიგნალები, - „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯები არის არსებითი. ეს არის საგანგაშო სიგნალი ჩვენთვის. საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ შეთანხმება აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალების გამოუყენებლობის შესახებ ჯერ არ გაფორმებულა. საგანგაშო სიგნალია. რომ ქართული რადიკალური შენაერთები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის გვერდით იბრძვიან“, - განაცხადა არძინბამ.
მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ადამიანები ელიან ამ შენაერთების საქართველოში დაბრუნებას, რათა დაიბრუნონ ძალაუფლება და ამერიკელების დავალებით, მოაწყონ პროვოკაციები საზღვარზე და გააჩაღონ შეიარაღებული კონფლიქტი.
„ბატონ სააკაშვილს, ამ სულელს, მაპატიეთ გამოთქმისთვის, შურისძიება უნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შურისძიება არ იქნება. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაგროვოთ ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაცია, ჩვენ ამას ვაკეთებთ. გამოვიტანოთ სერიოზული დასკვნები და დროულად მივიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები“, - დასძინა მან.