უცხოეთი
აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი. ამის შესახებ შეტყობინება მინსკში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეტყობინებაში საუბარია ლიეტუვის მიერ ბელარუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტზე. განცხადების ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირი ბელარუსის საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ბელარუსიდან გამგზავრება შეიზღუდება.

ასევე, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში გამგზავრებისგან, რადგან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა მოქალაქეებს სათანადო დახმარებას სრულად ვერ გაუწევს.

ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი 18 აგვისტოს დაკეტა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსთან საზღვარი სრულად ჩაიკეტოს, ასეთი ნაბიჯის გადადგმას ლიეტუვა ლატვიასთან და პოლონეთთან ერთად განიხილავს.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ საკითხზე მსჯელობას 28 აგვისტოს ვარშავაში გეგმავენ.

1tv.ge