პოლიტიკა
პატრიარქი რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით კანონის მიღების შედეგებზე მთავარ პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს

kanonსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იოანე ნათლისმცემლის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის შემდგომი ქადაგებისას საქართველოს პრეზიდენტს რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, პრეზიდენტმა კანონს 5 ივლისს მოაწერა ხელი.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტი კანონს იქამდე გადადებს, ვიდრე ყველაფერი ზუსტად განსაზღვრული და შემოწმებული არ იქნება. „მთავარი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის განცხადებით, რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იმდენად მნიშვნელოვანი და საშიშია, რომ კანონმდებლებს მისი მიღებისას უნდა ეფიქრათ, რა შედეგს მოიტანდა ის 10 და 100 წლის შემდეგ. „ჩვენ ანალიტიკური აზროვნება გვაკლია. ანალიზი უნდა გავაკეთოთ საქმის დაწყებამდე და არა დამთავრების შემდეგ. ჩვენი პოზიცია არ არის ის, რომ რელიგიებს სტატუსი არ უნდა მიეცეთ, ჩვენი პოზიციაა, დავსხდეთ მეცნიერებთან, სასულიერო პირებსა და სპეციალისტებთან ერთად და ეს საკითხი განვიხილოთ. სამწუხაროდ, კანონმდებლებმა ისე იჩქარეს, რომ ის ერთ დღეში დაამტკიცეს“, – ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, მის სიტყვებში სომხების საწინააღმდეგო აზრი არ დევს; ქართველები და სომხები იყვნენ და მუდამ დარჩებიან ძმებად. „როცა სომხებს უჭირდათ, ჩვენ მუდამ ვეხმარებოდით და ისინიც გვეხმარებოდნენ, როცა ჩვენ გვიჭირდა. ეს კანონი იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული, ამიტომ ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. როდესაც ამბობენ, ეკლესია სახელმწიფო საქმეში რატომ ერევაო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს საქმე, ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელ ჩვენს ერს, ეკლესიას და, განსაკუთრებით, სახელმწიფოს“, – დასძინა უწმიდესმა.

პატრიარქის შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საზოგადოებაში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობა რელიგიებს შორის ურთიერთობას დაძაბავს, რაც არ შეიძლება.

 

საქინფორმი