აქტუალური
საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. 2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 2.2%-ით მეტია.

გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში.

2023 წლის შვიდ თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება: ღვინის ექსპორტის ღირებულება – 150.5 მლნ აშშ დოლარი (24.3%- იანი ზრდა); სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 98.8 მლნ აშშ დოლარი (46.1%-იანი ზრდა); მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება – 77.1 მლნ აშშ დოლარი (38.2%-იანი ზრდა); უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება – 67.1 მლნ აშშ დოლარი (62.5%-იანი ზრდა); მოცვის ექსპორტის ღირებულება – 18.2 მლნ აშშ დოლარი (118%-იანი ზრდა); ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ღირებულება – 36.0 მლნ აშშ დოლარი (65%-იანი ზრდა); ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება – 15.3 მლნ აშშ დოლარი (66%-იანი ზრდა); თევზის ცხიმის ექსპორტის ღირებულება – 15.2 მლნ აშშ დოლარი (35%-იანი ზრდა); ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება – 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა); დაფნის ექსპორტის ღირებულება – 9.0 მლნ აშშ დოლარი (21%-იანი ზრდა); ლოკოკინის ექსპორტის ღირებულება – 368.3 ათასი აშშ დოლარი (49%-იანი ზრდა).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ.

2023 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.