სამართალი
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი, რომ ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ოპოზიციასა და გარკვეულ ჯგუფებში, რომ ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, მონაყოლს, რომ რამე ხელმოსაჭიდი ნახონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ და მობილურ ტელეფონებს, ეკრანს მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს, თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი, და გამოიწვიონ სიძულვილი და, მათ შორის, დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის. სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიის და დეზინფორმაციისა, რომელსაც პირველივე წუთიდან, როდესაც მაშველები იყვნენ მობილიზებული და ცდილობდნენ, დახმარებოდნენ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყვნენ იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის.

უკვე მე-12 დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად ეს ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს და იქნებ რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტული სურვილი გქონდეს, ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდევ რაიმენაირად დაამძიმო და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.