პოლიტიკა
პრეზიდენტმა საპატრიარქოსთვის მიუღებელ კანონს სასწრაფო წესით მოაწერა ხელი

kanoni34როგორც სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პაკეტს ხელი მიმდინარე წლის 5 ივლისს, ცვლილებების დამტკიცების დღესვე, მოაწერა.

პარლამენტის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე უნდა შევიდეს, შესაბამისად, რელიგიური გაერთიანებებს სტატუსის მისაღებად საჯარო რეესტრისთის მიმართვა უკვე შეუძლიათ.

„სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. ეს უფლება არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად, ეწეოდნენ საქმიანობას როგორც არარეგისტრირებული კავშირი. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით რელიგიადაა მიჩნეული.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი.
რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი.

კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის პირველ ივლისს შევიდა და საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით იმავე დღეს დაამტკიცა. მეორე და მესამე მოსმენა კი 5 ივლისს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა კონსულტაციები საქართველოს პატრიარქთან, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან გაიარა, თუმცა პარლამენტმა პატრიარქის მოთხოვნა – კანონის მიღების პროცესი დროებით, კანონპროექტის საჯარო განხილვამდე, შეჩერებულიყო, არ გაითვალისწინა და კანონი სასწრაფო წესით იმ დღესვე დაამტკიცა. ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მეორე დღესვე პრეზიდენტს მოუწოდეს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უწმიდესის ნება არც სააკაშვილისთვის წარმოადგენს რაიმე ღირებულს და მან ცვლილებებს ხელი სასწრაფო წესით პარლამენტის მიერ დამტკიცების დღესვე მოაწერა.

საპატრიარქო აღნიშნული კანონის მიღებით მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზერ პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს.

 

საქინფორმი