აქტუალური
"ლაგუნა ვერე" და მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად გაიყიდა

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, გაიყიდა - ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ტერიტორია შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. უცნობია რამდენი ათეული მილიონი დოლარია აღნიშნული გარიგების ღირებულება. ტერიტორია მოიცავს ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხანას.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. ჯერჯერობით უცნობია ჩაერთვებიან თუ არა პროექტის განვითარებაში სხვა პარტნიორებიც. სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ასევე უცნობია გეგმავს თუ არა კომპანია ცათამბჯენების ის პროექტი განავითაროს, რაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ გასული წლის ბოლოს წარადგინა.

ამასთან, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს "ნეო სითი დეველოპმენტის" 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.

დღემდე ტერიტორიის მფლობელი შპს “კოსტავას 69” იყო, სწორედ ამ კომპანიამ წარადუდგინა მუნიციპალიტეტს ადგილზე ორი ცათამბჯენის და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი. თავდაპირველი არქიტექტურული პროექტის მიხედვით, ცათამბჯენის სიმაღლე 65 სართული უნდა ყოფილიყო, რაზეც შესაბამისი სამსახურის მიერ უარყოფითი დასკვნა გაიცა, რის შემდეგაც კომპანიამ განახლებული პროექტი წარადგინა, სადაც ცათამბჯენის სიმაღლე 52 სართულამდე შემცირდა. ამასთან, კომპანია ითხოვდა შეცვლილი აღნიშნული მიწის ფუნქციური სტატუსი, რაც ამჟამად “რეკრეაციული ზონა 2”-ია. დამკვეთი საგამონაკლისო სახით საცხოვრებელი ფუნქციის k2 კოეფიციენტის 50%-იან მატებასა ითხოვს. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნამატი 50%-ის 4% მუნიციპალიტეტს ან თანხის სახით, ან თეთრი კარკასის მდგომარებით გადაეცემა.

ახლახან "ნეო სითი დეველოპმენტმა" ლაგუნა ვერეს აღდგენის შესახებ გააკეთა განცხადება:

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს",- ნათქვამია განცხადებაში.