სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით 5 ფოტორეპორტიორი დააკავეს

gedenidzeebi6 ივლისს, გვიან ღამით, დააკავეს საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და „ასოშეიტედპრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი. დაკავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯაშუშობა) ჩადენა ედებათ ბრალად.

სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა, ანდა გამოძალვა, ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საქინფორმი ინფორმაციის დეტალების გასარკვევად შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ გვენეტაძესა და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კონტაქტზე არ გამოდის არც პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძე.

ერთადერთი, ვისთანაც საქინფორმმა დაკავშირება შეძლო, ფოტოგრაფ ნათია გედენიძის უფროსი, გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ხელმძღვანელი თამარ ფხაკაძეა, რომელმაც მისი ფოტოგრაფის დაკავების ფაქტი დაგვიდასტურა, თუმცა იქვე განმარტა, რომ არანაირ სხვა ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს.

ხუთივე დაკავებული ამ დრომდე მოდულის შენობაში რჩება.

 

საქინფორმი