სამართალი
შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისიებით პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობაა

 საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავაშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობაა.

პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციის მისაღებად პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის არის სადეპუტატო შეკითხვა თუ ინტერპელაციის წესით მინისტრის დაბარება.

უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს? მეორე – თუკი რამე აქვთ, ამ კითხვებისთვის რამდენად არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა? მე უფრო მესახება, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხზე დაუსვან კითხვები, მოისმინონ პასუხები. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს.

ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას იყენებდნენ არა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის, არამედ ამ შემთხვევაში, თუ აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები. თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შორის დღევანდელი ბრიფინგის, გუშინდელი დასკვნების და სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვან საჯაროდ, იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხოს. ან შეუძლიათ, ინტერპელაციის წესი გამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და ა.შ. მიკვირს, რომ ზუსტად იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, ეჭიდებიან სხვა ინსტრუმენტს, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.