სამართალი
პატარკაციშვილის ოჯახსა და ხელისუფლებას შორის დავა დასრულდა

patarkacishviliბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ოჯახმა გადაწყვიტა, მორიგებით დაასრულოს საქართველოს ხელისუფლებასთან დავა, რომელიც 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო არბიტრაჟში გრძელდებოდა და ოჯახისთვის მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია „იმედის“ დაკარგვასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურებას ეხებოდა“.

განცხადების თანახმად, „მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე არბიტრირება საბოლოოდ შეწყვიტონ და ამით დავას წერტილი დაუსვან“.

„მიღწეული შეთანხმება ორმხრივ ურთიერთკომპრომისს ემყარება. ოჯახი დათანხმდა, უკანვე გამოიწვიოს ყველა საჩივარი და მოხსნას პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლებისა და მესამე მხარეების წინააღმდეგ სამაუწყებლო კომპანია „იმედსა“ და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით (იტოვებს რა უფლებას, გააგრძელოს დავა ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა აქტივებთან დაკავშირებით) და სანაცვლოდ სამწლიანი შესვენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებული ეკონომიკური და საქველმოქმედო საქმიანობა გააგრძელოს. გვჯერა, რომ ეს შეთანხმება როგორც ჩვენი ოჯახის, ისე საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. ჯერ ერთი, მომავალში, საქართველოს ბიუჯეტს საგრძნობი ფინანსური ტვირთი არ დააწვება, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ჩვენ დავის საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელების გზას ავირჩევდით და, რაც მთავარია, ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალში საქართველოში ინვესტიციების შემოსვლაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქველმოქმედო საქმიანობაზე ძალისხმევა მივმართოთ. ამით ჩვენ გავაგრძელებთ და ხორცს შევასხამთ იმ საქმეს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა დაგვიტოვა“, – ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავის დასრულების თაობაზე თანხმობის შესაბამის დოკუმენტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა, ბიზნესმენ პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან კი მისმა ქვრივმა ინა გუდავაძემ, ასევე, შვილმა და დედამ მოაწერეს.

 

საქინფორმი