საზოგადოება
„გაუთვითცნობიერებელი“ შეფასება „უპასუხისმგებლო“ დეპუტატისგან – ნუგზარ წიკლაური მეუფე ზენონს დაუპირისპირდა

ciklauri1როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი მიიღო, რასაც როგორც საპატრიარქოს, ისე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მკაფიოდ ნეგატიური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“.

მის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა, რომელმაც მეუფეს გაუთვითცნობიერებელი ადამიანი უწოდა. „ეს არის გაუთვითცნობიერებელი ადამიანის უპასუხისმგებლო განცხადება. აღნიშნულ საკითხზე საუბარი ექვსი წელია, მიმდინარეობს. სირცხვილი იყო, პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა აქამდე რომ ვერ მოახერხა“, – განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან სომხური თემის დაკავშირება სასაცილოა.

მეუფე ზენონზე კომენტარის გაკეთებისას წიკლაური, ალბათ, არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ თავად აკეთებდა გაუთვითცნობიერებელ შეფასებას, თანაც, სასულიერო პირის მიმართ, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება ეკლესიას არაფრად აგდებს. შესაძლოა, დეპუტატ წიკლაურს ჰგონია, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუმცა ნათელია, რომ, თუნდაც, ამ კონკრეტულ კომენტარში საქმე გვაქვს არა წიკალურის – მეუფე ზენონთან, არამედ ხელისუფლების საპატრიარქოსთან დაპირისპირებასთან. ხელისუფლების გუშინდელი ქმედებიდან, ალბათ, კიდევ ერთი სამწუხარო დასკვნის გამოტანა შეიძლება – ეს არის ბოლო ეტაპი იმ გეგმისა, რომელიც სწორედ იმ ქვეყნის მაღალ ეშელონებში იწერება, რომელსაც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს ეძახიან. მართალია, მხარეები ერთმანეთს მეგობრობასა და პარტნიორობას ეფიცებიან, თუმცა სახეზე სულ სხვა სურათია – არავისთვისაა დამალული, რომ ამერიკის მიზანია, საქართველოს „ენა, მამული, სარწმუნოება“ წაართვას... დიდი ხანია, ქართველი ბავშვები ინგლისურ ენაზე მშობლიურივით საუბრობენ (თუმცა საკითხავია, მშობლიური როგორ იციან) და ამით ენასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათქვამია; არც ისაა ვინმესთვის დამალული, რომ მამული დანაწევრებული და გაყიდული გვაქვს, შემოგვრჩა ერთადერთი სიმდიდრე –მართლმადიდებლობა – და, როგორც ჩანს, უკვე იმასაც გვართმევენ. ხელისუფლება ამერიკას პარტნიორს უწოდებს, თუმცა ის საქართველოს ბატონს უფრო ჰგავს, ვიდრე მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.

დიდი ხანია, საზოგადოებაში მსგავსი შეფასებები ისმის, თუმცა, ალბათ, საზოგადოება ჯერ კიდევ არაა მომწიფებული იმისთვის, რაზე როგორი ფორმით უნდა გამოხატოს პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ნუთუ დღეს ამაზე მნიშვნელოვანი ქართველებისთვის არის რამე?! ნებისმიერი გამვლელი გეტყვით – „არა!“, თუმცა მეორე დღეს აქციაზე არა ეკლესიის, არამედ ოპოზიციის მხარდასაჭერად გავა. ალბათ, სწორედ საზოგადოების არასწორი აზროვნებისა და ქმედების დიდი წვლილია იმაში, რომ ჩვენი „ბატონის“ გეგმა უკვე დასრულების ფაზაშია, პროცესის შეჩერება კი – შუეძლებელი.

 

საქინფორმი