სამართალი
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 5 ივლისს, გამართულ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია.

ცესკო-ს ცნობით, გუშინდელი სხდომა რაჭაში ტრაგიკულად გარდაცვლილთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, ცესკოს წევრებმა და დამსწრეებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც 2 დღის წინ დატრიალდა, ასევე, გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. შეშფოთებით და უწყვეტად ვადევნებთ თვალს სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამძებრო სამუშაოები წარმატებული იქნება და ძიებაში მყოფი ყველა პირი გადარჩება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია და ამ დრომდე მუშაობს, რომ გადაარჩინოს სტიქიის ზონაში დარჩენილები“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის გახსნისას.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების არჩევის პროცესს, ის ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა სხდომას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook-ი პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.

ცესკოს წევრებმა სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. არჩევამდე, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკოს წევრებთან ლაივ რეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას.

რაც შეეხება ცესკოს მიერ გუშინ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული ცხრა პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს შვიდ პირს, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ერთს. ცესკოს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს სამ პირს.

პირველი ოქტომბრის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №30 კასპისა და №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 13 განაცხადი შემოვიდა (8 ქალი და 5 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 11 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.