სამართალი
აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ნათია ბახტაძე მოკლულია

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ნათია ბახტაძე მოკლულია.ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გალის რაიონის მცხოვრებლის, ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

უწყების ინფორმაციით, ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილის სალონში, ოჩამჩირეს მკვიდრის, აინარ წვიჟბას მიერ არის მოკლული.

"ეჭვმიტანილი წვიჟბა ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიერ მოკლული გოგონას გვამი ენგურის მე-3 ვარდნილჰესზე ჩაძირა. ამჟამად გვამის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.