აქტუალური
ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 0.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (11.1%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (6.3%-იანი მატება); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (4.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (12.1%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტრანსპორტი (1.8%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (2.3%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.0%-იანი კლება); საკვები და უალკოჰოლო სასმელები (0.2%-იანი კლება).

რაც შეეხება საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებს, ამ თვეში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე მოხდა: ზეთები და ცხიმები (-2.8%); რძე, ყველი და კვერცხი (-1.0%). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3.9%).