აქტუალური
ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან

toomas_hendrickესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი 5 ივლისს თბილისში ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა და საარჩევნო სისტემის რეფორმა და ის საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა, რომლებიც 2013 წლიდან შევა ძალაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე; დეპუტატი ლევან ვეფხვაძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“; რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი; „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა.

შეხვედრის შემდეგ ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბარი „ძალიან ტექნიკურ დეტალებში“ შევიდა, როგორიცაა საარჩევნო ბარიერები, მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემები.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების გარდა, უსაფრთხოების კუთხით არსებული წუხილებიც იქნა განხილული.

თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი 4 ივლისს ბათუმში თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ხოლო 5 ივლისს თბილისში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართა მოლაპარაკებები. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრამდე ილვესმა, დაახლოებით, ორსაათიანი შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ვიზიტამდე და ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებში ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული გაგებით „დემოკრატია და ეკონომიკური კეთილდღეობა ურთიერთგადაჯაჭვულია და წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოს თანაბარი წვლილი უნდა შეჰქონდეს ორივე მიმართულებით“.

„ბატონი პრეზიდენტის პოზიცია იყო ძალიან ნათელი. მან ბრძანა, რომ საქართველო რაც მეტად გაიწევს სინგაპურისკენ, მით მეტად დაშორდება ევროპას“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

საქინფორმი