საზოგადოება
ფხალაძე: დოკუმენტში ჩინეთის ინტერესები მაქსიმალურადაა ასახული, საქართველოსი კი - არა

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებაში ჩინეთის ინტერესები მაქსიმალურადაა ასახული, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე, - განაცხადა ექსპერტმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძემ, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი შეაფასა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, მთავარია რამდენად მოვახერხებთ შეთანხმების ისე გაფორმებას, რომ მაქსიმალურად იყოს ასახული საქართველოს ეროვნული ინტერესები.

„თუ გაფორმებულ დოკუმენტს ჩავუღრმავდებით, გარკვეული კითხვები ჩნდება. ერთ-ერთი პირველი მუხლი არის ის, რომ მხარეები ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკას. აქ ჩნდება მარტივი კითხვა: საქართველოს მსგავსი პრობლემა არ აქვს?“, – განაცხადა ფხალაძემ.

მისი შეფასებით, თუ ქვეყანა მემორანდუმის ხელმოწერისთანავე ვერ ახერხებს იმ სტრატეგიული ინტერესების ჩამონათვალის ჩადებას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ ბევრი კითხვა ჩნდება.

„რატომ ავიღეთ ვალდებულებები, რომლებიც მომავალში პრობლემების მეტს არაფერს გვაძლევს, მაშინ, როდესაც დღეს ვერ მოვახერხეთ დოკუმენტში ჩაგვესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მუხლი. პარტნიორობა კარგია, თუ შენი ინტერესები მაქსიმალურად გაქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა ექსპერტმა.

ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება 31 ივლისს გამოაქვეყნეს.

დოკუმენტი ოთხ ასპექტს მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ხალხთაშორის და კულტურულ ურთიერთობებს და საერთაშორისო ურთიერთობებს.

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ.

მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით.

საერთაშორისო და რეგიონული ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონული და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. 2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა.

დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.