სამართალი
არასამთავრობოები: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 1 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც 31 ივლისს საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაპატიმრებები დაგმეს.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ „ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად პოლიციამ აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაც გამოიყენა.

ორგანიზაციების თქმით, აქციის 20-ზე მეტი მონაწილე იქნა დაკავებული, რომელთაც დაკავებისთანავე ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ მიეცათ. მათივე თქმით, დაკავებულთა მონახულება მხოლოდ დღის ბოლოს ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხერხდა.

„განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება“, – ნათქვამია განცხადებაში. „ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავება და დაკავების შემდგომი პრაქტიკა მიუღებელია და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“. ორგანიზაციებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაიცვან აქტივისტების უფლებები და მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ უკანონო დაკავების პრაქტიკას.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, უფლებები საქართველო.

ამავე განცხადების თანახმად, დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, უკრაინის მოქალაქემ მარინა ჩობანიანმა განაცხადა, რომ მას დაკავებისას უხეშად მოექცნენ და ერთი პოლიციელი უკიდურესად აგრესიული იყო. მისი თქმით, იგი ქუჩაში დააკავეს, სადაც აქციის მონაწილეებიც იყვნენ და შემდეგ ისეთ ადგილას წაიყვანეს, სადაც მარტო პოლიციელები იყვნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს დაკავების ვიდეო და იქ ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩასვამდნენ, ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

„დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, რატომ, ვერ მივხვდი. არც უკანონობაა და არც არავის არაფერს უშავებდა. შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს”, – აღნიშნა მან.

კიდევ ერთმა დაკავებულმა, ქართველმა პოეტმა გენრი დოლიძემ, რომელიც პარტია „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ასევე განაცხადა, რომ ის პოლიციის მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. პარტიამ „ფესბუქზე“ პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დოლიძეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სცემა.

74-მა ქართველმა მწერალმა, მთარგმნელმა და გამომცემელმა გენრი დოლიძის მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები“ დაგმო. განცხადებაში ნათქვამია, რომ „როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც“.

„ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

2 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პორტთან აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15-ის საქმე განიხილა და დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.