აქტუალური
ოპოზიცია სააკაშვილს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

veto„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

როგორც საქინფორმს პარტიაში განუცხადეს, ალასანია სრულად იზიარებს პატრიარქის პოზიციას კანონთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამდე საჯარო და მრავალმხრივი დისკუსია უნდა გამართულიყო. „მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, გამოიყენოს ვეტოს უფლება და ერთპარტიული პარლამენტის მიერ ნაჩქარევად მიღებულ კანონს ხელი არ მოაწეროს, რათა დაიწყოს ამ საკითხზე მრავალმხრივი საჯარო დისკუსია“, – აცხადებს ალასანია.

პრეზიდენტის მისამართით ანალოგიური მოწოდება დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემაც გააჟღერა.

ედპ მიიჩნევს, რომ „ამით საფრთხე შეექმნა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას და, ასევე, ნდობას ამ ორ ინსტიტუტს შორის, რომლის გარეშეც ერთიანობა და ქართული სახელმწიფოს მომავალი წარმოუდგენელია. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს პარტია ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციების განახლებაში ხედავს, რისთვისაც მიღებული კანონი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში. ამის სამართლებრივი მექანიზმი, როგორც ედპ-ში აცხადებენ, პრეზიდენტის ვეტოა და სწორედ ამიტომ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ მიმართავს სააკაშვილს, გამოიყენოს აღნიშნული კონსტიტუციური უფლება.

აღნიშნული კანონის განხილვაში დაბრუნებას მოითხოვენ პრეზიდენტისგან „ახალი მემარჯვენეებიც“.

„წინააღმდეგობის მოძრაობა“ კი მიიჩნევს, რომ ყველა ის დეპუტატი, რომლებმაც აღნიშნული კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს, ქვეყნის, ერისა და საზოგადოების მოღალატეა და პროტესტის გამოსახატავად საზოგადოებას დღეს, 18:00 საათზე, ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ. საპარლამენტო ოპოზიცია კი კენჭისყრას პროტესტის ნიშნად არ ეწრებოდა.

 

საქინფორმი