„სომხეთის პატრიარქი საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა – მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია-მონასტრებსა და ნაგებობებზე, რომლებზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმიდესობასთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც ილია მეორემ მოისმინა ეს განცხადება, გარეგინ მეორეს უთხრა, რომ არ გვაქვს საწინააღმდეგო, მიიღოთ სტატუსი, თუმცაღა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები სომხეთში ქართული ეპარქიისთვის სტატუსის მინიჭების შესახებო. მაშინ ასეთი რამ მოხდა, რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წუთებში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.
მისივე თქმით, გარეგინ მეორეს ვიზიტს ცოტა ხანში მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანის ვიზიტი, რომელიც, მეუფეს აზრით, სწორედ „ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა“. „სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში მიზანს ვერ მიაღწია, როგორც მას ჰქონდა დასახული, მაგრამ მიაღწია ხელისუფლების საშუალებით“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.
საქინფორმი