პოლიტიკა
საპატრიარქო პარლამენტის მიერ მიღებული კანონის უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

sapatriarqo5როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „პარლამენტის მიერ მიღებული კანონი როგორც ქართული ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

საპატრიარქოს განცხადებას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში პარლამენტის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივებით მივიდნენ, რათა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი შემოეთავაზებინათ. მასში კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების მიზნით მისი საჯარო განხილვისა და კონსენსუსის მიღწევის თაობაზე. ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან პარლამენტს უკვე მიღებული აქვს კანონი, რომელიც როგორც ქართული ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, – ნათქვამია საპარტიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

 

საქინფორმი