სამართალი
რუსული უნივერისტეტები პოსტსაბჭოთა სივრცეში და გეგმა საქართველოში

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. რბილი ძალის განვითარების კონტექსტში რა როლში მოიაზრებენ საკუთარ უმაღლეს სასწავლებლებს რუსეთში?

როგორც ანდრეი ბაიკოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის [„მგიმო“] პრორექტორი ამბობს, მოსკოვში ისინი მიაჩნიათ სიმბოლოდ – „რუსული ძალის, კონკრეტულად კი, რბილი ძალის“. როგორც იგი ამბობს, მოსკოვის კიდევ ერთი მიზანი თავისი განათლების „ექსპორტი“ და უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდაა.

სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენება საბჭოთა დროიდან მოდის – მაშინ სსრკ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში ძირითადად სწავლობდნენ განვითარებადი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები. ეს ქვეყნები, სსრკ-სა და აშშ-ს შორის მიმდინარე ცივი ომის კონტექსტში, ორივე ზესახელმწიფოსთვის იყო მნიშვნელოვანი.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთში კვლავაც სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის, ხშირად კრემლის მოკავშირე სახელმწიფოების მოქალაქეები. თუმცა, ამასთან ერთად, მოსკოვმა გახსნა სხვადასხვა დაწესებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც – როგორც ახალი, ცალკეული უნივერსიტეტები, ასევე რუსეთში მოქმედი უნივერსიტეტების ფილიალები.

არაა გამორიცხული, მომავალში საქართველოშიც გაიხსნას რუსული უნივერსიტეტი. ამ ინიციატივაზე 15 ივლისს ისაუბრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. იგი რუსეთის დაფინანსებული ევგენი პრიმაკოვის ფონდის დირექტორია. ფონდს საგანმანათლებლო ინიციატივები საქართველოში აქამდეც ჰქონდა – მაგალითად, რუსული ენის უფასო კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გამოცემა „გრუზია ი მირ“-თან [„საქართველო და მსოფლიო“] საუბარში ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება, ხოლო დაფინანსებას საკუთარ თავზე „რუსეთის ფედერაცია აიღებს“ და უნივერსიტეტსაც „მთლიანად დააკომპლექტებს“. ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკვე ეძებენ ადგილს უნივერსიტეტის განსათავსებლად.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული უნივერისტეტის ავტორიზაციაზე ამჟამად არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. უწყებამ ცნობა რუსულ-ქართული უნივერისტეტის გახსნაზე დეზინფორმაციად შეაფასა, რომელიც მიმართულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

განათლების სამინისტროს განცხადების გავრცელების შემდეგ უნივერსიტეტის შესახებ სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად ლორთქიფანიძეს „ნეტგაზეთიც“ ესაუბრა. ამჯერად მან უნივერსიტეტის პროექტს, – რომლის განთავსების ადგილსაც თითქოს უკვე ეძებდნენ, – უწოდა „კონცეფცია, [რომელსაც] სჭირდება დამუშავება“ , და დაამატა, რომ „დღეს და ხვალ გადასადგმელ ნაბიჯებზე“ საუბარი არაა. გარდა ამისა, ლორთქიფანიძემ გვითხრა, რომ უნივერსიტეტს კერძო ინვესტორები დააფინანსებენ, “საქართველოსა და მსოფლიოსთან” ინტერვიუში კი ამბობდა, რომ ამას რუსეთის ფედერაცია აიღებდა საკუთარ თავზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაგალითად, უნივერსიტეტის პროგრამებს, კონკრეტული დეტალების შესახებ ჯერ ვერ საუბრობს.

როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, გეგმავენ, მიმართონ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს უნივერსიტეტის გახსნაში დახმარებისთვის. „ჩვენ გვყავს ძალიან დიდი დიასპორა რუსეთში, საკმაოდ გამოყოფილი და მძლავრია შეძლებული ადამიანების ფენა“, – აღნიშნავს იგი და ამატებს, რომ უნივერსიტეტს კერძო დამფინანსებელი ეყოლება. რუსულ ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობაზე კითხვაზე კი გვპასუხობს:

თუ საკითხი დადგება აკრედიტაციასთან დაკავშირებით, თუ იქამდე მივა, რომ ეს თემა, კონცეფცია იქნება შესრულებადი, ბუნებრივია, საჭირო იქნება გარკვეული სამართლებრივი პროცედურების გავლა. როცა ერთობლივი უნივერსიტეტი იქმნება, ამ სამართალსუბიექტების უკან არსებული კონკრეტული ბიუროკრატიული ბარიერები იქნება გადასალახი“.

ლორთქიფანიძის თქმითვე, უნივერსიტეტში ნებისმიერი მსურველი, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე შეძლებს განათლების მიღებას. კონკრეტულად რა პროგრამები იქნება, ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც ლორთქიფანიძე გვეუბნება, აპირებენ ბიოაგრომრეწველობის სწავლებას და სტუდენტებისთვის „მწვანე სტანდარტის“ გაცნობას – ეს რუსეთში მიღებული სტანდარტია, რომელსაც კონკრეტული პროდუქცია იღებს – მაგალითად, ის არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული, ხოლო დამზადებისას ნაკლებად უნდა იყოს გამოყენებული პესტიციდები.

ყოფილ საბჭოთა კავშირის რიგ ქვეყნებში, რომლებიც ახლა რუსეთის მიერ დომინირებულ „საბაჟო კავშირში შედიან“, ფუნქციონირებს რუსეთთან ერთად დაარსებული უმაღლესი სასწავლებლები. ესენია:

ბელარუსულ-რუსული უნივერსიტეტი [შეიქმნა 1961 წელს, თანამედროვე ფორმა ორი ქვეყნის შეთანხმების შედეგად მიიღო 2001-03 წლებში];

რუსულ-ტაჯიკური (სლავური) უნივერსიტეტი [შეიქმნა 1996 წელს, აქვს ორივე ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი; უნივერსიტეტში, მათ შორის, ფუნქციონირებს რუსული ცენტრი „რუსული სამყარო“];

რუსულ-სომხური უნივერსიტეტი [შეიქმნა 1997 წელს, აქვს ორივე ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი];

ყირგიზულ-რუსული სლავური უნივერსიტეტი [შეიქმნა 1993-ში, აქვს ორივე ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი];

ყაზახურ-რუსული უნივერსიტეტი [რუსეთის აკრედიტაცია მიიღო 2002 წელს, თუმცა 2014-ში დაიხურა].

ასევე, ამ ქვეყნებში არის თავად რუსული უნივერსიტეტის ფილიალებიც. მხოლოდ ყაზახეთში ხუთი რუსული უნივერსიტეტის ფილიალია, სამი – სომხეთში. გარდა ამისა, 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ იგეგმება თურქმენეთისა და რუსეთის ერთობლივი უნივერსიტეტის შექმნა.

სწავლების ღირებულება უნივერსიტეტებში პროგრამაზე,ზოგჯერ კი სწავლების ენაზეცაა დამოკიდებული. არის სახელმწიფო გრანტით სწავლის ვარიანტიც.

ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის ცნობებზე საზოგადოების ნეგატიური რეაქციიდან გამომდინარე, ლიკა ღლონტი, Erasmus+-ის [ევროკავშირის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამა] ეროვნული ოფისის ყოფილი კოორდინატორი ეჭვობს, რომ უშუალოდ ასეთი უნივერსიტეტის გახსნა მოხერხდეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კრემლს მაინც გააჩნია ინსტრუმენტები განათლების სფეროს რბილ ძალად გამოყენებისთვის:

უფრო საშიში მგონია რუსეთში [ქართველი სტუდენტებისთვის] სასწავლო სტიპენდიების რაოდენობის ზრდა, რუსეთის ამ მხრივ გააქტიურება. ამ მიმართულებით ძალისხმევის ზრდა უფრო რეალისტური მგონია, რაც ასევე ავის მომასწავებელია. უცხო ქვეყანაში სწავლა მარტო განათლებას არ ნიშნავს. ისრუტავ იქ არსებულ რეალობას. რუსეთში თუ გაიზარდა ქართველთათვის სტიპენდიების რაოდენობა, რუსულად მოაზროვნენი დაგვიბრუნდებიან უკან“, – უთხრა ღლონტმა „ნეტგაზეთს“.

საფრთხეს მიიჩნევს ღლონტი თავად უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასაც – მისი აზრით, უნივერსიტეტში ბევრი სტუდენტი არ ჩააბარებს, ახალგაზრდებში „განსხვავებული ტენდენციებიდან“ გამომდინარე, მაგრამ ასეთი სასწავლო დაწესებულება, ღლონტის შეფასებით, „იქნება დამატებითი ინსტრუმენტი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვისთვის“.

კიდევ ერთი შეშფოთების საგანი მისთვის კვლევითი საქმიანობაა, რომელიც შეიძლება უნივერსიტეტში წარიმართოს:

ვღელავ, გახსნის შემთხვევაში, რა სახის კვლევითი სამუშაოები შეიძლება ჩაატაროს ამ უნივერსიტეტმა. კვლევითი სამუშაოების პროფილი, მათში ჩადებული გზავნილები უფრო საშიში მგონია დღეს ძალიან დასუსტებული საქართველოსთვის“, – გვეუბნება იგი და ამატებს, რომ შეიძლება ამ კვლევებში „შემოგვაპარონ ისტორიული მოვლენების განსხვავებული ანალიზი, რაც ძირს გამოუთხრის ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიას“.

იხსენებს რა რუსული უნივერსიტეტების გახსნას სხვა სახელმწიფოებში, ღლონტი მიიჩნევს, რომ ისინი არის რუსიფიკაციის ინსტრუმენტი – „სწავლის ენა არის რუსული, დიპლომები გაიცემა რუსული, დასაქმების საშუალება ექნებათ რუსეთში, ჰარმონიზაციაა რუსულ საგანმანათლებლო სივრცესთან და მოწყვეტა ევროპული სივრცისგან. […] ეს კერძო უნივერსიტეტი იქნება თუ სახელმწიფო, არაფერს შეცვლის. თუ შეიქმნა რუსული ფულით, იქნება რუსული საქმე. რა მნიშვნელობა აქვს, კერძო დაერქმევა თუ სახელმწიფო?“, – გვეუბნება იგი.