საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მომხდარი არეულობის გამო, რა დროსაც საბერძნეთის პოლიციამ სიტუაციის გასაკონტროლებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.
ბანაკში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა უთხრა ტელეკომპანია „მთავარს“, რომ ერთ ქართველ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა მისი სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდება. მისივე თქმით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დილას უნდა მისულიყო ბანაკში ემიგრანტების მდგომარეობის შესაფასებლად, თუმცა მათთან არავინ მისულა და „არც დაურეკავს იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან“.
ინციდენტის საპასუხოდ, საქართველოს საელჩომ საბერძნეთში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. 26 ივლისს შემდგარი მორიგი კომუნიკაციის დროს გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საელჩომ მას შესთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. თუმცა, საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში, უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე.
საელჩოს ინფორმაციით, არეულობა ბანაკში 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო. დაახლოებით, 3 საათისთვის სიტუაცია დამშვიდდა და შესაბამისმა სამსახურებმა და საქართველოს მოქალაქეებმა საელჩოს დაუდასტურეს, რომ ადგილზე უკვე სიმშვიდე იყო და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა და მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვს ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ბანაკის ადმინისტრაციასა და ბერძენ სამართალდამცველებთან. საელჩომ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, არეულობა ბანაკში 26 წლის ინდოელის გარდაცვალებას მოყვა. პოლიცია აცხადებს, რომ ახალგაზრდამ დაახლოებით ღამის 10 საათზე გონება დაკარგა და ბანაკში მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი გარდაცვლილად გამოაცხადა. მიგრანტებმა მისი გარდაცვალება დაგვიანებულ სამედიცინო დახმარებას დაუკავშირეს და პროტესტის ნიშნად მატრასები, სკამები და ყუთები დაწვეს. შედეგად, პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა.