საზოგადოება
ჯიმ ო’ბრაიენი: მკაფიოდ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნისა და მონიტორინგის გაუმჯობესება პროგრესის მისაღწევად ძირითადი სფეროა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. აშშ-მა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყვნენ ცნობილები, ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ო’ბრაიენის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება პროგრესის მისაღწევად ძირითადი სფეროა.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და მკაფიოდ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება პროგრესის მისაღწევად ძირითადი სფეროა. უფრო ვრცლად, მე შევხვდი ამ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფს საქართველოდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფი მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ყველას გინახავთ ამ ადამიანების ჯგუფი. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას. ქართველი ხალხის 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მათ სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი. ამ საკითხზე არანაირი პოლარიზაცია არ არის. რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომმა ეკონომიკური ინტერესების ჯგუფმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპაში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმები რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა ცხადი გავხადოთ, რომ მათდამი წაყენებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ პროგრესი. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან გამოქვეყნდება ევროპული საბჭოს ანგარიში“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.