პოლიტიკა
ხელისუფლება საპატრიარქოს ღიად დაუპირისპირდა – რელიგიურ გაერთიანებებს იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა

kanoni3საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი კენჭისყრას არ ეწრებოდნენ, რადგან საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ როგორც მეორე, ისე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონპროექტი ეკლესიის მონაწილეობით უნდა მზადდებოდეს, რადგან საპატრიარქოსთან გაფორმებული კონკორდატის თანახმად, რელიგიებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადაწყვეტილება სწორედ ეკლესიასთან შეთანხმებით უნდა მიიღოს“.

თუმცა ეს ასე არ მოხდა და უმრავლესობამ საპატრიარქოსთან კონსულტაციები მხოლოდ კანონპროექტის მეორე მოსმენის შემდეგ გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა, „საპატრიარქო ითხოვდა, რომ იმ რელიგიური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცემოდათ, მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო, რაც დისკრიმინაციული მიდგომაა და რაზეც უმრავლესობამ უარი თქვა“.

კომენტარი საქართველოს მთავრობაშიც გაკეთდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა დარწმუნებულია, რომ „ჩვენი ეკლესია მიღებულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ჯანსაღად შეხვდება“.

ეკლესია კი გადაწყვეტილებას ნამდვილად „ჯანსაღად“ შეხვდა, თუმცა არა ისე, როგორც ეს ხელისუფლებას სურდა. საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფით შედეგებს გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება“.

ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ამ ნაბიჯმა, ალბათ, საზოგადოებას ნათლად დაანახვა ის, რის დამალვასაც ხელისუფლება ცდილობდა – „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად დაუპირისპირდა იმ ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხით სარგებლობს და მიიღო გადაწყვეტულება, რომელიც, ყველანაირი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშეც ნათელია, რომ პოზიტიური შედეგების მომტანი ნამდვილად არ იქნება.

საქინფორმი