საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს.
კაფეების ქაოტური განლაგება, კალაძის თქმით, ადგილობრივებს და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.
„ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს სივრცე რეაბილიტირდა და ერთი სიამოვნება იყო აქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს, რომლებიც ყოველგვარი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებს.
პანდემიის პერიოდში ყველანაირად გვერდში დაგიდექით და მხარი დაგიჭირეთ, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოგეწყოთ, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით. გავლა შეუძლებელია სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, — განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.
„თქვენ გეძლევათ ვადა, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოთ როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს რეაგირება და მუნიციპალური ინსპექცია იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად. გაქვთ დრო იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, — აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.