სამართალი
თალაკვაძე: სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული სკანდალი ჩვენს შორის ხიდებს ვერ დაწვავს

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ინციდენტი პოლონელ ექიმთან, რომელიც ფარულად ცდილობდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალის გატანას „ვივამედის“ კლინიკიდან, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს განაცხადა, რომ 12 ივლისს სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების დროს ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმი ფეხსაცმლით ფარულად შეეცადა ბიომასალის გატანას, რომელიც სააკაშვილს აუღეს. როგორც მოგვიანებით კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, ქაღალდში გახვეული იყო ფრჩხილისა და თმის ნიმუშები.

„რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დაწვავს ხიდებს საქართველო-პოლონეთს შორისაც და, მით უმეტეს, ეს საკითხიც არ არის იმ კალიბრის საკითხი, რომ რაღაც ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ინციდენტიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პოლონელი ექიმის მამხილებელი კადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა, სიტუაციას არ შეესაბამება.

„ეს არ არის ის განცხადება, რაც ასეთ დროს უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ვერც ინციდენტი და ვერც განცხადება გავლენას ვერ მოახდენს პოლონეთის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერაზე.

მისი თქმით, წარსულშიც და ახლაც, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება კეთდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, თუმცა ეს განცხადებები საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდებს ვერ დაწვავს.

„მაგალითად, ევროპარლამენტარები სარგებლობენ თავიანთი ევროპული სტატუსით და ევროპის სახელით გველაპარაკებიან იმას, რაც აბსოლუტურად არ ჯდება ევროპის პრინციპებში. ევროპული პრინციპები ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია, გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ა.შ.“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანია, პოლონელი ექიმების ჩამოსვლა და მთელი ეს პროცესი თავიდანვე ტყუილზე იყო აგებული.

„მიმაჩნია, რომ ეს პროცესი თავიდანვე ტყუილზე იყო აგებული. ანუ, ტყუილი იყო ის, თითქოს, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუუარესდა, რომ სახელმწიფო არ აწვდიდა სერვისებს, ექიმებს უმალავდა, კვლევებს უმალავდა და წამლებს არ აძლევდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილის ოჯახს და მის გარემოცვას ეს ვიზიტები და საერთაშორისო ჩართულობა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ თემა შეინარჩუნონ აქტიურად და პოლიტიკურ განზომილებაში.

14 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით საელჩოს პოზიციის მოსმენის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ექიმების ჩამოსვლის პროცესში ჩართული იყო პოლონეთის საელჩო, რომელმაც მათ რეკომენდაცია გაუწია. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ექიმმა თავადვე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუში წინდაში ჩაიდო.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იხდის ფეხსაცმელს და იქიდან ქაღალდის მომცრო შეკვრას იღებს.

ორშაბათს, 17 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მარიუშ პიეტრ ჟაკს შეხვდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ექიმის საქციელი, რომელიც თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ჩამოსული პოლონეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევს გაუგებრობას და შეშფოთებას, ასევე მთელ პროცესს ნდობას უკარგავს.

საპასუხოდ პოლონელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რით იყო გამოწვეული ექიმის მსგავსი საქციელი.

ოთხშაბათს, 19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიომასალასთან დაკავშირებული ინციდენტის კონტექსტში პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გაუთვალისწინებელი ინციდენტი იყო.