საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან წინასაარჩევნო შეთანხმების მიღწევის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიზანიც, მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაა“.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ პოლიტიკოსების შეფასებებს მოცემულ თემაზე.
თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი: „როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე – მკვდარი მკვდარს აეკიდა. აქედან, რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძველზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება“.
კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი: „ვფიქრობ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც წამოწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში მიმდინარეობს“.
მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“: „სინამდვილეში, განცხადება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე არის მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი. თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება. რეალური პერსპექტივა რომ მარცხის აქვთ, ეს ფაქტია. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ეს ორი პოლიტიკური პარტია მივიდა კარგი ცხოვრების გამო. ყველას აქვს თავიანთი პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაჭრის ხერხი უფროა ეს, რომელზეც სამწუხაროდ, ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის პოლიტიკაში ყოფნას. ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და ამ გზით გავიდეს „სამშვიდობოს“. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“… დაპირისპირებული ფლანგებისთვის ახლა აქტუალურია, ამ ფლანგების გაძლიერება… ხაბეიშვილი შეიძლება თვლიდეს, რომ ვაშაძის ნაირი პოლიტიკოსის მიმატება მისი ფლანგის მხარდამჭერად ეს, შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს“.
ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნება“: „ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისში არის, მას ლიდერები ტოვებენ, როგორიც იყო გოცირიძე, დეკანოიძე, როგორც ჩანს, მელია საბოლოოდ ჩამოშორდება მათ და ეს ამ პარტიას კიდევ უფრო სერიოზულად ასუსტებს, თან იმ რეპუტაციული ზიანის ფონზე, რასაც სააკაშვილი მას თავისი უსაქციელობით მატებს. მათ სჭირდებოდათ რაღაცით გაძლიერება, რაღაცით გაძლიერება მოხდა იმით, რომ მეორე დაზიანებულ პარტიასთან გაერთიანდა“.
გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: „ამ ორ გაერთიანებას არავითარი შანსი არ ექნება. მაინტერესებს, სადღაც ერთი წლის უკან შეიქმნა ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძის გაერთიანება. ჯერ ის გაერთიანება არ შექმნილა, არც დაშლილა ისე მიატოვა ვაშაძემ ის გაერთიანება და რაღაც ახალ გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. მე არ გამოვრიცხავ გუშინდელი გაერთიანებაც დაიშალოს. ჩვენი კანონმდებლობით, ბლოკები არის აკრძალული. მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი – ბატონი ვაშაძე მიეახლა ბატონ სააკაშვილს, ჩაუვარდა მას ფეხებში, სთხოვა მას სიაში სამი ადგილი, ამ სამ ადგილს ის მიიღებს და ჩაეწერება „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში“.
მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი: „მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც… ,,ხელისუფლება“ კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა ქვეყნის მომავლისთვის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი…რა თქმა უნდა ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში“.
თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი: „ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ფრონტი, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ სწორედ ერთიანობაშია გამარჯვების ფორმულა… იმაზე, თუ ვინ იქნება ლიდერი ამ გაერთიანების, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცაღა ყველას ლიდერული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია… უკეთესი საქართველოს შენების ბევრი პროექტი აქვს გიორგის [ვაშაძე] და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ ეს გეგმები“.
ირაკლი კუპრაძე, პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი: „არ არის საინტერესო მსგავსი გაერთიანება. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გადაჯგუფება არ ემსახურება საქართველოს საზოგადოების დაკვეთას. გარდაუვალია მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნა, სადაც იმ პროდასავლურ პარტიებს ვეპატიჟებით, რომელიც ვერ ხედავს საკუთარ თავს ნაციონალური მოძრაობის გვერდით“.
თეონა აქუბარდია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი: „ჯგუფის შექმნის დროს იყო სხვა მოცემულობა და ჯგუფიდან “ნაციონალურ მოძრაობასთან” არც ერთი დეპუტატი არ ვთანამშრომლობდით იმ რეჟიმით, რაც ახალ რეალობაშია. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ჯგუფის შიგნით კონსულტაციები ჯერ არ გვქონია გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც გუშინ დადგა. მას შემდეგ, რაც კონსულტაციებს ჩავატარებთ, უფრო მეტი გახდება ცნობილი. ამ მოცემულობაში ჯგუფიდან 3 დეპუტატი არ ვაპირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმ ფორმით თანამშრომლობას, რა ფორმითაც ეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეთხვევაშია… ცალსახაა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლი” აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით წავიდა და პოზიციების თანხვედრა ნამდვილად აღარ არსებობს“.
იაგო ხვიჩია, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი: „ეს გაერთიანება მაგონებს – ძალა ერთობაშია 2-ს, მათგან განსხვავებით აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებიან, ვიდრე ამბიციურად… ხაბე [ლევან ხაბეიშვილი] და ვაშაძე გაერთიანდებიან და ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ არ მიგვაჩნია დამაჯერებლად, იმიტომ რომ ხაბე და ვაშაძე გაერთიანებული იყვნენ ნაც მოძრაობაშიც [ნაციონალური მოძრაობა] და მის გარეთაც, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი ძვრები ქვეყნის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოუტანია“.