სამართალი
თომას ჰამარბერგი: „ხელისუფლებამ უფრო მეტად ჰუმანური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს“

hamarbergiევროპის ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის განცხადებით, „მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა აღმოიფხვრას ნაკლოვანებები სასამართლო სისტემაში და გაიზარდოს მისი გამჭვირვალობა და სამართლიანობა“.

ჰამარბერგის მიერ სპეციალურად მომზადებული ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლის 18-20 აპრილს კომისრის საქართველოში ვიზიტს ეხება, საქართველოს სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონეზეა ფოკუსირებული.

კომისრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივი სისტემის რეფორმის თვალსაზრისით რიგი ნაბიჯები გადაიდგა, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მცირე დანაშაულზე ხორციელდება გრძელვადიანი პატიმრობის მეშვეობით, რაც სასჯელის პროპორციულობაზე დაფიქრებას იწვევს.

„ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს უფრო მეტად ჰუმანური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც კონცენტრირებულ იქნება უფრო აღდგენით და არა სადამსჯელო სამართლის პრინციპებზე. შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შემცირდეს წინასწარი პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, არასრულწლოვანთათვისაც“, – აცხადებს ჰამარბერგი.

ამასთან, კომისარს მიაჩნია, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად იქნა გაღებული, საჭიროა შემდგიომი ქმედება, რათა მოხდეს მისი დაცვა არამართლზომიერი ჩარევისგან.

ამასთან, კომისრამდე მივიდა განცხადებები ოპოზიციის აქტივისტთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. იგი მოუწოდებს ხელისუფლება,ს ნათლად და გამჭვირვალედ გასცეს პასუხი გამოხატულ უკმაყოფილებას თითოეულ ამგვარ საკითხთან მიმართებაში. „ეფექტიანი ქმედებაა საჭირო სამართლიანი სასამართლოს გარანტიისა და მხარეთა შორის თანასწორობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად“, – დასძენს ევროკომისარი.

 

საქინფორმი