საზოგადოება
მმართველი გუნდი რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცესის შეჩერებას არ აპირებს

parlamenttttკანონპროექტი, რომელიც რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს, დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა II მოსმენით განიხილა და ის რიგგარეშე სხდომაზეც გავა. ამასთან, პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ პროექტი საკანონმდებლო ორგანომ დღესვე III მოსმენითაც განიხილოს და დაამტკიცოს კიდეც.

საკომიტეტო განხილვისას დეპუტატებმა ლევან ვეფხვაძემ და ჯონდი ბაღათურიამ საპატრიარქოს განცხადების გათვალისწინება და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. როგორც საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი და მთავარი მომხსენებელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია აცხადებს, „კანონპროექტს რელიგიურ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის საკითხის მხოლოდ სამართლებრივ მხარეს არეგულირებს“.

„ამ შემთხვევაში საუბარი არ არის არც ქონების რესტიტუციაზე, არც რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათებზე, არც მიწის უსასყიდლოდ გადაცემასა და არც საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რითაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს, რომლის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოს აღიარებული აქვს“, – განაცხადა თორდიამ.

დეპუტატებმა ლევან ვეფხვაძემ და ჯონდი ბარათურიამ კი მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის გამო საკომიტეტო მოსმენა დაწყებისთანავე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც გამოეხმაურა და კანონპროეტის განხილვის შეჩერება ითხოვა. პატრიარქი მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.

 

საქინფორმი