საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. სააკაშვილს თუ რამე მოუვა, ეს იქნება მკვლელობა. მე, როგორც სახალხო დეპუტატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მომზადების საქმეზე, – „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არახამიას თქმით, რაც ხდება, ეს არის მკვლელობის მომზადება.
„ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაოთ, რომ ევროპის რაც შეიძლება მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს სტრატეგია იმუშავებს. მაქვს იმედი, რომ უკვე გამოჯანმრთელებულ მიხეილ სააკაშვილს ვნახავთ ამ სცენაზე“, – აღნიშნა დავით არახამიამ.