არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს, 5 ივლისს, 14:00 საათზე, ორგანიზაციის ოფისში (შევჩენკოს ქ. 12) დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე პრესკონფერენცია გაიმართება. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია მუშაობს 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირთა საქმეებზე, რომელთაც დაკარგეს თავიანთი საცხოვრებელი სახლები და დარჩნენ უსახლკაროდ. ისინი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო გახდნენ დევნილები და 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებამდე კოდორის ხეობაში ცხოვრობდნენ.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ეკუთვნით ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია (10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში). მათ შესაბამისი მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ.სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, „42-ე მუხლმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოსარჩელეთა სასარგებლოდ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის დავალება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის.
„მოცემულ საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები არ არიან 2008 წლის მოვლენების გამო იძულებით გადაადგილებული პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთება იურიდიულად არასრული და არასაკმარისია. თავად დევნილთა მიმართ კი ხორციელდება დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან დაზარალებული მოქალაქეების ნაწილმა, რომლებმაც, ასევე, 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს დევნილის სტატუსი, ცხოვრობდნენ კოდორის ხეობაში და დაზარალდნენ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად, უკვე მიიღო შესაბამისი კომპენსაცია. „ამის გამო, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რა მიზეზით არ ხორციელდება დაზარალებულთა ნაწილისთვის კანონით დადგენილი თანხების გადახდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქინფორმი