უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის გარეშე გაგრძელება რისკებს გამოიწვევს

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. მარცვლეულის შეთანხმების რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელების მცდელობა რისკებს გამოიწვევს, ვინაიდან მარცვლეულის დერეფანი ომის ზონის მიმდებარედ არის და მას თავად კიევი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხს „კომენტარი სჭირდება“ რუსი სამხედროების მხრიდან, რადგან საუბარია საომარი მოქმედებების ტერიტორიის უშუალო მიმდებარე ზონაზე.

„უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების გარეშე, იქ გარკვეული რისკები წარმოიქმნება. ამიტომ, თუ რაიმე გაფორმდება რუსეთის გარეშე, მაშინ ეს რისკები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ვერ ვიტყვით, რამდენად და რომელი ქვეყნები არიან მზად ამ რისკებისთვის. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, აშკარა ფაქტია, რომ ამ ზონას კიევის რეჟიმი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, გაეგრძელებინათ მარცვლეულის შეთანხმება ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე.

interpressnews.ge