საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 924.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.4%-ით, ანუ 74.2 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.1% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 129.31 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 42.93 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 38.73 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 20.28 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.19 მილიონი აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 75.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.