აქტუალური
წლიური ინფლაცია ივნისში 10 პროცენტამდე შემცირებულა

inflacia333„საქსტატის“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წლიური ინფლაცია ივნისში მაისში არსებული 14.3 პროცენტიდან 10 პროცენტამდე შემცირდა, რის მიზეზიც ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ზოგ კატეგორიაზე ფასების კლება გახდა.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათზე ფასები 8.9 პროცენტით შემცირდა; თუმცა წინა წლის ივნისთან თუ გავავლებთ პარალელს, სურსათზე ინფლაცია 22.2 პროცენტია (მაისში ეს მაჩვენებელი 30.7 პროცენტი იყო).

„საქსტატის“ ინფორმაციის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები „მნიშვნელოვნად შემცირდა“ ხილზე (28.6 პროცენტით); ბოსტნეულზე (26.2); შაქარსა და ტკბილეულობაზე (5.7). მონაცემებში არ არის უფრო დეტალური ინფორმაცია ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ცვლასთან დაკავშირებით სურსათის სხვა კატეგორიებზე, მათ შორის, ხორცზე, რომლის ფასიც ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, „საქსტატის“ თანახმად, ივნისში ხორცზე ფასი, შარშანდელ ანალოგიურ თვესთან შედარებით, 26.4 პროცენტით გაიზარდა; ხილზე – 34.3 პროცენტით; ზეთსა და ცხიმზე – 29.2 პროცენტით; რძის, ყველისა და კვერცხის ჯგუფზე – 26.2 პროცენტით; პურსა და პურპროდუქტებზე – 23 პროცენტით.

ივნისში საწვავის ფასები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა; ხოლო საკომუნიკაციო მომსახურებების სფეროში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 13.1- პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

 

საქინფორმი