სამართალი
პრემიერი სააკაშვილის პოლონელ ექიმებზე: სამარცხვინოა, რაც მოხდა და შემაშფოთებელი ფაქტი!

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. რაც შეეხება ექიმების ჩამოსვლას. მე მინდა გავაკეთო შემდეგი კომენტარი ამ საკითხზე, ვინაიდან საკითხი არის ძალიან პოლიტიზირებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი, ქვეყნის შიგნით არა, ქვეყნის გარეთ უფრო, ამიტომ მე მაინც კომენტარს გავაკეთებდი ამ საკითხზეც. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში, მაშინ ჩვენ მსჯელობა გვქონდა ამაზე და იუსტიციის მინისტრმა გააკეთა შეთავაზება, მან საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან და რომ ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ველოდით მათ ქმედებას, მათ ქმედით ნაბიჯებს, რომ სურვილისამებრ მათ შეეძლოთ ჩამოეყვანათ ექიმები. ძალიან ბევრი სპეკულაცია გაიმართა ამ საკითხზე და როგორც იქნა, ბოლოს როგორც ვიცი, პოლონეთის საელჩო ჩაერთო ამ პროცესში და მათ ჩამოიყვანეს, სააკაშვილის ოჯახთან ერთად, ექიმები. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რაც მათ გაიარეს კონკრეტული პროცედურები, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა, ჩვენ ვიყავით ერთგულნი ჩვენი დაპირების, შეთავაზების, ეს ერთგვარი ჟესტი გავუკეთეთ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი წმინდა პოლიტიკური საკითხია და პოლონეთში ამჟამად საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი აქტიურობით, ზედმეტი აქტიურობით პოლონეთში, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია და როგორც ჩანს ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა და მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, მითმეტეს, ჩვენ არავისთვის არაფერი გვაქვს დასამალი. აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვუშაობთ ყველა მიმართულებით.

უბრალოდ სამარცხვინო რაც მოხდა და მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როდესაც თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როდესაც დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად ჩვენი თანხმობის შემდეგ, ეს რათქმაუნდა მიუთითებს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე, ალბათ რაღაცა სხვა განზრახვები მათ შესაძლოა ჰქონოდათ, ამას დრო გვაჩვენებს თუ რა იდგა თუნდაც ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში, ამიტომ ეს ერთგვარი ჟესტი იყო ჩვენგან, ამის შემდეგ მე ვფიქრობ ცოტა ზედმეტი არის ასეთი აქტიურობა, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს კიდევ ვიმეორებ, ყოველგვარი - მანამდეც მოგეხსენებათ, რომ ექსპერტებმაც შეამოწმეს და ანალიზებიც ჩატარდა, ჩვენ ასევე გერმანიაში ჩავატარეთ დამატებითი კვლევები, დადასტურდა, რომ არავითარი მოწამვლის ფაქტი არ მომხდარა, ეს ყველაფერი არის სიცრუე მეგობრებო, ჩვენ კარგად მოგვეხსენება და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს და მე ვფიქრობ, რომ ეს მორიგი მცდელობა არის ახალი სპექტაკლის დადგმის, იგივე ეს წერილები რაც ჩვენ მივიღეთ, თუნდაც ევროპარლამენტარებისგან და მე მინდა ასევე გავიმეორო ის, რაც ჩვენი გუნდის წევრებბმა თქვეს უკვე, რომ ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ ჩვენ და გარკვეული რჩევები მოგვცენ მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, აი ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ და კვდება და ასე შემდეგ, ამიტომ ეს საკითხი მინდა, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.