საზოგადოება
საქინფორმი თანაუგრძნობს ზურაბ ქაფიანიძის ოჯახსა და ახლობლებს

kafianidze_nekrologiსაინფორმაციო -ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ დიდი მწუხარებით იუწყება, რომ 74 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საპატიო გენერალი, უკრაინის საპატიო მოქალაქე, ყველასათვის საყვარელი მსახიობი და საქინფორმის ერთ-ერთი შესანიშნავი რესპონდენტი, ბატონი ზურაბ ქაფიანიძე და თანაუგრძნობს როგორც ოჯახს, ისე მთელ ქართველ საზოგადოებას.

ქართულმა კულტურამ და ერმა დაკარგა კიდევ ერთი ბუმბერაზი მამულიშვილი, პატრიოტი, ნაღდი, წესიერი ქართველი კაცი. იგი მონაწილეობდა ფილმებში: „ხევსურული ბალადა“, „დათა თუთაშხია“, „ივანე კოტორაშვილის ამბავი“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ლონდრე“, „ფეოლა“, „ნერგები“ და სხვა.

სპეციალობით ფილოლოგმა დააარსა გაზეთი „შუმერი“, გამოსცა წიგნი „შუმერების ანბანი – ქართული ასომთავრული“, პლაკატები: „კაცობრიობის ანბანური გავრცელების ახალი ცხრილი“ და „კაცობრიობის პირველი ანბანი, ანბანური მზისა და მთვარის კალენდარი“; დააარსა სამეცნიერო ცენტრი „შუმერი“. 40 წლის დაძაბული მუშაობის შედეგად ახსნა ძველი წელთაღრიცხვის V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა; აღმოაჩინა ანბანის რიცხვიერი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც ცხადი გახადა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა; ჩამოაყალიბა კაცობრიობის პირველი ანბანური დამწერლობის სისტემები და აღადგინა ძველი წელთაღრიცხვის 5604 წლის შუმერული კალენდარი, რომელშიც ყველაფერი წამების სიზუსტითაა განსაზღვრული.

სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში, ხელისუფლებისადმი მისი განსხვავებული აზრის გამო, ბატონ ზურაბ ქაფიანიძეს ჯეროვანი დაფასება არ ხვდა წილად. ზურაბ ქაფიანიძეც, სხვათა მსგავსად, ხელისუფლების მიერ „ჩარეცხილი“ ინტელიგენციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ; ადამიანი, რომელიც თავისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მისივე კინოგმირის – ივანე კოტორაშვილისეული შემართებითა რიხით „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ებრძოდა არსებულ რეჟიმს. ხელისუფლებას მიყიდულ ვითომ ინტელიგენციის მსაგავსად, მას ვერც ვარსკვლავის გახსნის შეთავაზებას და ვერც ღირსების ორდენის დაკიდებას შეჰბედავდა ვინმე. მართალი და სწორი პოზიციისთვის ბატონი ზურაბი „ნაციონალური ხელისუფლებისგან“, ისევე, როგორც არაერთი ასეთივე გაზეთისგან, გარიყულ შემოქმედად იქცა, თუმცა თავისი ნაშრომების სახით უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა მომავალ თაობებს.

საქინფორმის კოლექტივი კიდევ ერთხელ თანაუგრძნობს ზურაბ ქაფიანიძის ოჯახს და საამაყოდ მიაჩნია, რომ მისი აუდიოინტერვიუს ჩანაწერის ექსკლუზიური მფლობელია.

საქინფორმი