აქტუალური
ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით რვა მილიონ ევროს გამოყოფს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ნიდერლანდები საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით რვა მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ „დე ტელეგრააფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რვა მილიონი ევრო თავდაცვის სფეროს განვითარების ფონდში გადაირიცხება და უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვის გასაძლიერებლად და კიბერთავდასხმებისადმი მედეგობის გასაძლიერებლად დაიხარჯება.

როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დღეს არსებულ არასტაბილურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შიდა საქმეებში.

მხოლოდ ერთად ყოფნით შეგვიძლია, გავცეთ რუსეთის აგრესიის შეკავების ძლიერი და სანდო გარანტია“, – განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.

„ტელეგრააფის“ ცნობით, ნიდერლადნების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება არ გულისხმობს ლეტალური იარაღის შესყიდვას.