სამართალი
სპეცოპერაცია „ქართული პარტიის“ ოფისში

qartpart„ქართული პარტიის“ ოფისში გუშინ, დაახლოებით, 21:00 საათზე, სამართალდამცველები შეიჭრნენ. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლია კამლაძემ განუმარტა, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მათ ოფისში შეჭრის მიზეზად პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის – ზურა გიგუაშვილის, ძებნა დაასახელეს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, თუმცა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ისინი კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ, რამდენიმე მათგანი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, რომელთაგან ერთ-ერთმა, სავარაუდოდ, გამომძიებელმა ცხვირწინ რაღაც ფურცელი აგვიფრიალა, რომელზეც არც კი ვიცით, რა ეწერა. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ოქრუაშვილის ბიძას, ბრალდებულ ზურა გიგუაშვილს, ეძებდნენ, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, უწყინარი კაცია. ოფისთან 100-150 სამართალდამცველი მოვიდა, კარის გასაღებად ჩავედით, არც კი გვაცალეს, ისე შემოიჭრნენ. ხუთსართულიანი ოფისის აბსოლუტურად ყველა ოთახი გაჩხრიკეს, დაკეტილები შეამტვრიეს და ისე შევიდნენ. ერთ-ერთი ოთახის გასაღებად გავიწიე, თუმცა კარგი მუჯლუგუნი მომხვდა და გავჩერდი. ეს იყო სპეცოპერაცია, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორი. მცირე ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, მორალური და ფსიქიკური შეურაცხყოფაც მოგვაყენეს – იმ დროს ოფისში ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც ძალიან შეშინდნენ“, – განაცხადა კამლაძემ.

მისივე თქმით, პარტიის ლიდერები აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ დევნად და ტერორის გამოვლინებად აფასებენ.

 

საქინფორმი