საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა - ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ნატო-ს სამიტს ეხმაურება.
მისივე თქმით, თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია.
“გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატო-ში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა.
უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ყოველგვარი ომის გარეშე ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.
საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე.
ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში. გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია“,- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეს მიხედვით, ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში. ამასთან, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, კომუნიკეს მიხედვით, უკრაინის მომავალი ნატოშია. „უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“, - ნათქვამია კომუნიკეში.