აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთისა და შვედეთის ლიდერებს შორის ლიეტუვის დედაქალაქ ვილნისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".

სტოლტენბერგმა ეს გადაწყვეტილება "ისტორიული ნაბიჯად" შეაფასა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის გაწევრიანების ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია, რადგან ეს თურქეთის პარლამენტზეა დამოკიდებული.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შვედეთი აქტიურად დაუჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებას.

"შვედეთი და თურქეთი ასევე შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე თურქეთი-შვედეთის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომიტეტის (JETCO) მეშვეობით. თურქეთი და შვედეთი შეეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის მიზნით. შვედეთი აქტიურად დაუჭერს მხარს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურების მცდელობებს, მათ შორის ევროკავშირ-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზაციას და ვიზალიბერალიზაციას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. "ძალიან ბედნიერი ვარ, კარგი დღეა შვედეთისთვის", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ერდოღანის ვალდებულებას „სწრაფი რატიფიკაციის“ შესახებ.

"მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან ევროატლანტიკურ ზონაში თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებაზე. მოუთმენლად ველი პრემიერ-მინისტრ კრისტერსონსა და შვედეთს, როგორც ნატოს 32-მოკავშირეს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ერდოღანის გადაწყვეტილებას მიესალმნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკიც.