საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 ივლისის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 ივლისს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. უწყების ცნობით, ამ პროცესში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) უშუალოდ იყო ჩართული.
სუს-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.