პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია.

„იმ ნაბიჯის ფონზე, რომელიც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ დაიწყება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს თბილისში და კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან.

„ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ არც კომენტარებით რეაგირებას. გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.