აქტუალური
გამყრელიძე: დეპუტატთა რაოდენობის განსაზღვრა რეფერენდუმის გზით მხოლოდ პოპულიზმია

gamyrelize„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატთა რაოდენობის რეფერენდუმის გზით განსაზღვრა პოპულიზმია.

დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდა, რომელიც მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის, „ახალ მემარჯვენეებს“, შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, სადავო გახდა, რადგან ოპონენტები აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატები 150-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2003 წლის რეფერენდუმი იყო „პოპულიზმი და ავანტიურა შევერდნაძის გარემოცვის მიერ“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს 2 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან იმ შეხვედრის შემდეგ, სადაც საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„საზოგადოებას ხვალ რომ დაუსვათ კითხვა, რას ფიქრობენ იმაზე, პარლამენტი რომ ხვალ გავაუქმოთ, მხარს დაუჭერს; მითუმეტეს, მაშინ პარლამენტი არ იყო დიდად პოპულარული და არც ახლა არის ხალხში დეპუტატი ძალიან პოპულარული; აქედან გამომდინარე, სურვილი საზოგადოებისა ყოველთვის არის, რაც შეიძლება შემცირდეს; მაგრამ ხომ გვესმის კარგად, რომ დემოკრატიისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტი სწორედ პარლამენტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სამი წლის წინათ, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მორიგი დავა მიმდინარეობდა, გამყრელიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შემოთავაზებას დეპუტატთა რაოდენობის ზრდის შესახებ და ამ იდეას „აბსურდულს“ უწოდებდა.

2008 წლის 10 მარტს გამყრელიძემ განაცხადა: „ეს აბსურდია და არცერთი ოპოზიციური პარტია ამას არ დათანხმდება. ეს ნიშნავს უარის თქმას რეფერენდუმის შედეგებზე“.