საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მორიგი არამეგობრული ნაბიჯი იყო.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ. ამაში, ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და, შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.