საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.
დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ აქედან ორ პირს გაუხანგრძლივდა წინასწარი პატიმრობა, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ე.წ. სასამართლო პროცესები გრძელდება, ხოლო ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა 19 ივნისს დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძესა და კახაბერ ნათაძეს, როგორც აღინიშნა, მათთან დაკავშირებით შეხვედრაზე ახალი დეტალი არ გაჟღერებულა.
ირაკლი ანთაძის თქმით, ერგნეთში მხარეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იმსჯელეს ჰუმანიტარულ საკითხებზეც.
„შეხვედრაზე საუბარი იყო უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და თავისუფლი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე. ვიმსჯელეთ ჰუმანიტარულ საკითხებზეც. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით რეაქცია და პასუხები იყო ორდინალური, არაფერი ახალი არ უთქვამთ. ყველაფერი დავიდა პოლიტიკურ სპეკულაციამდე და აპელირებამდე ჰიპოთეტური სახელმწიფო საზღვრის მიმართ. ასევე, მათ კვლავ, ჩვეულ კონტექსტში გააჟღერეს ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს თემა. ცნობილია ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნული საკუთხის მიმართ და ეს პოზიცია არ შეიცვლება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ.