აქტუალური
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება 2 ივლისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა გახსნა, საქართველოს ლგბტქ+ თემის მხარდაჭერის ნიშნად. საერთაშორისო პარტნიორები კვირეულის გახსნას Twitter-ზე მიესალმდნენ.

ადამიანის უფლებათა კომისარმა Twitter-ზე სოლიდარობა გამოხატა „თბილისი პრაიდის“ მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ლგბტქ+ პირთა უფლებების, მათ შორის მათი შეკრების თავისუფლების დაცვა.

საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა „თბილისი პრაიდს“ კვირეულის გახსნა მიულოცა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი მიესალმა „თბილისი პრაიდს“ კვირეულის წარმატებული დაწყებისთვის და მადლობა გადაუხადა შსს-ს საკუთარი მოვალეობების კარგად შესრულებისთვის.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ ასევე მხარდაჭერა გამოხატა კვირეულის მიმართ და შსს-ს მადლობა გადაუხადა ლგბტქ+ პირთა უსაფრთხოების დაცვისთვის.

საქართველოსა და სომხეთში ნორვეგიის ელჩის მოადგილემ მარკო სოლდიჩმა მადლობა გადაუხადა „თბილისი პრაიდს“ „შესანიშნავი ღონისძიების“ ორგანიზებისთვის, და შსს-ს – მისი უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფისთვის.