საზოგადოება
ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება?!

grigolia13როგორც ცნობილია, გასულ კვირას მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ინგა გრიგოლია შიდაუთანხმოების გამო პარტიის დატოვებას გეგმავს. თუმცა თავად ლიდერმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. დღეს კი საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ გრიგოლია არა მხოლოდ პარტიის, არამედ პოლიტიკის დატოვებასაც გეგმავს და ჟურნალისტიკაში აპირებს დაბრუნებას. საქინფორმის წყაროს მტკიცებით, „უახლოეს მომავალში გრიგოლია ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანად მოგვევლინება, მის პარტიულ ადგილს კი უკვე დაადგეს თვალი სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა“.

ინფორმაციის დასაზუსტებლად საქინფორმი თავად გრიგოლიას დაუკავშირდა. მან განგვიცხადა, რომ „პარტიის დატოვებას არ აპირებს“.

„მომავალში ჟურნალისტიკაში აუცილებლად დავბრუნდები, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში და, შესაბამისად, პოლიტიკიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ“, – დასძინა მან.

გრიგოლიას პარტიიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია საქინფორმს არც ქდმ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.