პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა

 საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივნისს საქართველოს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის დასაკავებლად ძალა გამოიყენა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პარტიის ლიდერზე, ლევან ხაბეიშვილზე კასპში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ისინი კითხვა-პასუხის სესიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ.

თავის გრძელ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ „ომის პარტიად“ მოიხსენია და სხვადასხვა საკითხებზე საბოტაჟში დაადანაშაულა. მისი გამოსვლის დიდი ნაწილი 2022 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებს და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ზოგადი განვითარების სამომავლო გეგმებს დაეთმო.

თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად უკრაინაში ომისა და „დესტრუქციული ძალების“ მიერ გამოწვეული შიდა საფრთხეებისა, საქართველომ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. „მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7.5% ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა – 10%-იანი ეკონომიკური ზრდა“.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი და ასევე მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 2020 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა და წელს ეს მაჩვენებელი იქნება 8 200 დოლარი. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ნაკლებდამოკიდებული გახდა საგარეო დახმარებაზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებით 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ისტორიულ მინიმუმს – 4.1%-ს გაუტოლდა. ამასთან, მთავრობის ვალი პანდემიის დროს არსებული 60%-დან თითქმის 38%-მდე ჩამოვა მიმდინარე წელს.

პრემიერმა უმუშევრობის დონის შემცირებაზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც 2022 წელს 17.3% შეადგინა. მისივე თქმით, პირველ კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – 70 ათასით გაიზარდა და 1 271 000 შეადგინა. მან ასევე აღნიშნა, სიღარიბის დონე 2012 წელს არსებული 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს არსებული 9.3%-დან 2022 წელს 3.1%-მდე ჩამოვიდა. „წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 2.8 პროცენტზე“, – დასძინა მან.

ინფლაციის შესახებ საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია“.

მისი თქმით, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; ამასთან, გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც „მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით“.

მისი თქმით, ექსპორტი გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.%-ით არის გაზრდილი და თითქმის 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრემიერმინისტრმა ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას გაუსვა ხაზი.

„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ინოვაციებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ შარშან ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური. „ამჟამად, სულ გაფორმებულია 229 მემორანდუმი, მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ. ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე – 3000 მგვტ-ს, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 13 მლრდ კვტ/სთს შეადგენს“, – განაცხადა მან.

დევნილთა საკითხებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დევნილებისთვის და მათი განსახლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 233 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მისი თქმით, 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები, ხოლო „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 7 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს სახლებს.

პრემიერ-მინისტრმა წინა წელთან შედარებით პენსიების ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. ღარიბაშვილის თქმით, ასევე გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი და 880 მილიონი ლარი შეადგინა. „დღეისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცული არის მოსახლეობის 95%-მდე“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ პარლამენტთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა, შექმნილია შესაბამისი სამუშაო საბჭო… და ძალიან მალე, უმოკლეს ვადაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, რომელიც იქნება მიმართული, ზოგადად, ამ დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესებაზე“.

პრემიერ-მინისტრმა ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღებაზე ისაუბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს. მისი თქმით, ამის მთავარი მიზანი გამონაბოლქვის შემცირება და გარემოს დაცვაა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საამაყოდ ვმასპინძლობთ 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ამ მიმართულებით ჩვენ სრულად განვაახლეთ სტადიონები, მესხის სახელობის, ასევე ქუთაისში, დინამოს სტადიონი განახლდა, 100 მილიონი ლარი დაიხარჯა. ვფიქრობ რომ ესეც შედეგზე გათვლილი, გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება“.

კულტურის სფეროზე საუბრისას, მან კამპანია Starring Georgia-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბლექ სი არენამ“ დაიწყო მასშტაბური ორწლიანი კამპანია, რაც უცხოელი შემსრულებლების მოწვევას გულისხმობს და „ამისთვის ჩვენი სავარაუდო ბიუჯეტი არის 70 მილიონი ლარი“.

თავის გამოსვლაში პრემიერმინისტრმა მადლიერება გამოხატა პოლიციის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ ზრუნავს მთავრობა სამართალდამცველებზე. კერძოდ, მან ახალი ბინების გამოყოფა, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხელფასების 30-40%-იანი ზრდა და სხვა ბენეფიტები დაასახელა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩვენს პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სოციალური გარანტიები და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიციელების დაფასებას და გაძლიერებას“.

თავდაცვის ძალებზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია განხორციელდა და რეალურად „ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა“. ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის „ჩართულია ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში“ და „მკრეხელური ვითომ მღვდელმსახურება შემოიღეს“ ახალგაზრდების სამხედრო სამსახურიდან დასახსნელად.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ზომები ამ პრობლემას მოაგვარებს და საქართველოში ძლიერი სარეზერვო არმიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. „გაწვევა მოხდება მხოლოდ თავდაცვის სისტემაში, აღარ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს სალაპარაკო, რომ თითქოს ყარაულებად ვზრდით ჩვენს ახალგაზრდებს“, – დასძინა მან.

ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „წარსულს ჩავაბარეთ პატიმრების წამება, დამცირება, გაუპატიურება, მკვლელობები“. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრების რაოდენობა წინა ხელისუფლების დროს არსებული 25 000 – 27 000-დან თითქმის 9 000-მდე შემცირდა. ამ კონტექსტში, პრემიერმინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ნეოფაშისტური“ ძალა უწოდა და მათი მეთოდები ფაშისტებისა და ბოლშევიკების მეთოდებს შეადარა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს ციხეებში ჰუმანური პირობებია და პატიმრებს ციფრულ უნივერსტიტეტში შეუძლიათ სწავლა. პრემიერმინისტრმა პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ შეწყალებული ნიკა გვარამიაც ახსენა, მას „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი“ უწოდა და განაცხადა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მანაც ისაუბრა პირობების გაუმჯობესებაზე.

პრემიერ-მინისტრის აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საქმეთა რაოდენობა შემცირდა და დასძინა, რომ „სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც კი არ მიუღია წარმოებაში 2012 წლის შემდეგ“.

მთავრობის გეგმებზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წელს ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. „ჩვენი ამბიციაა და ეს განვაცხადეთ უკვე, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ღარიბაშვილმა განაცახადა, რომ მისი მშენებლობა წელს დაიწყება, რომლის 51%-ს მთავრობა დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ თანხას კერძო ინვესტორი, რომლის სახელიც ჯერ უცნობია. პრემიერის თქმით, ასევე დაგეგმილია ფოთის პორტის გაუმჯობესება ინვესტიციების მეშვეობით.

ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან „შუა დერეფნის“ ინიციატივაზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა“.

პრემიერ-მინისტრი „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის“ პროექტსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ პროექტმა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მიიღო. „სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, წელს 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის: მუნიციპალური და საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სექტორის გაუმჯობესებისთვის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა მან.

განათლების სფეროზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაგეგმილია 800-მდე სკოლის სრული რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტების მიხედვით, ასევე 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაცია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება 2022 წელს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იყო და კვლავ ასეთად რჩება. მისი თქმით, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს სტატუსი არ მიანიჭა.

მან გაიმეორა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებს ორივე ქვეყანას და „სტრატეგიული შეცდომა“ იქნება, თუ ევროკავშირი წელს არ მიანიჭებს საქართველოს სტატუსს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 12 პრიორიტეტიდან საქართველომ 11 შეასრულა. მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივის მიღება წარმოუდგენელი იყო წინა ხელისუფლების პირობებში და რომ ის მისი ადმინისტრაციის ისტორიულ მიღწევას წარმოადგენს.

პრემიერმა განაცხადა, რომ „უპასუხისმგებლო“ ოპოზიციას, „ომის პარტიას“ არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. „ისინი ეწევიან ყველაფერს, საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი“. საბოტაჟის მაგალითად ღარიბაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მოიყვანა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის შესახებ გადაწყვეტილების შეფერხება იყო. „მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში. ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი წამყვანი ქვეყნების ჩართულნი არიან ამ პროცესში და ისინი მხარს გვიჭერენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი“. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დეპოლარიზაცია ერთ-ერთი შეუსრულებელი რეკომენდაციაა, რაც ოპოზიციის ქმედებებმა გამოიწვია, და თუ ევროკავშირს სურს საქართველოში დეპოლარიზაცია იხილოს, მან საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა თავისი ჩვეული არგუმენტი მოიშველია და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არავის დაუწესებია. მან „ომის პარტია“ რუსეთისთვის სანქციების დაკისრების მოწოდებით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა. „ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად თავიდანვე, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მან ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებაში დაადანაშაულა. „2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში შემოაბრუნეს რუსული ჯარი. ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა არ შეიძლება“.

პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან შერიგების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების და გამყოფი ხაზების მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს უამრავი პროგრამა და შერიგების ინიციატივები შესთავაზეს.

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ დაუშვებს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის გამოყენებას სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სანქციების კოორდინატორებმა დაადასტურეს, რომ საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან პარტნიორობას, ღარიბაშვილმა მეზობელ ქვეყნებთან და ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი წლის წინ მან „სამაგალითო მედიაცია“ განახორციელა აზედრბაიჯანსა და სომხეთს შორის, რასაც რეგიონში მშვიდობა მოყვა.

თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა და მათი „დესტრუქციული“ კამპანია გააკრიტიკა, რომლის მიზანიც საქართველოს რეპუტაციის შელახვა იყო. „ბოლო პერიოდში, თქვენ რა ჩაიდინეთ, თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ჩვენს ქვეყანას. თქვენი ბელადის [მიხეილ სააკაშვილის] კამპანია, რომ კვდება, მოვწამლეთ, ვაწამეთ. ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?“ – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა „მილიონობით დოლარი“ გადაუხადა სხვადასხვა ტელეკომპანიებს, რათა გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილი მოწამლა და აწამებდა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ბრალდებების მიზანი იყო, რომ საქართველოს ხელი შეშლოდა კანდიდატის სტატუსის მიღებაში. „გამოვიდნენ და თქვან ახლა, ბოდიში მოიხადონ ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის რეპუტაციის შელახვისთვის“.

კითხვა-პასუხის ნაწილი პრემიერ-მინისტრმა იმ განცხადებით დაიწყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომათა დარბაზი დატოვა და ამიტომ მათ მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხებს. იგი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ყველა, ვინც პოლიციას დაემუქრება, მკაცრად დაისჯება.

რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დასმულ კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მათ დეტალურად განიხილეს და რომ სანქცირებულ თვითმფრინავებსა და კომპანიებს ფრენის უფლება არ მიეცემათ. აფხაზეთის რკინიგზის შესახებ დასმულ კითხვაზე, ღარიბაშვილმა უარყო კულუარული მოლაპარაკებების არსებობა და განაცხადა, რომ არანაირი ფარული დღის წესრიგი არ არსებობს. მისი თქმით, რკინიგზა მხოლოდ ქვეყნის გაერთიანების შემდეგ გაიხსნება.

პრემიერ-მინისტრმა 12 პრიორიტეტის შესრულებაში ოპოზიციის როლი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ ზიანის მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანიათ.

სხდომის დროს ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკრიტიკა და მას „საქართველოს ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.

სხდომის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა“. მან უცხოელების მიერ საქართველოში სუროგაციის მომსახურების მიღების საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. მან შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები შესაძლოა ლგბტ წყვილებმა იშვილონ, რაც, მისი თქმით, საქართველოს ქრისტიანულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.